ზაფხული დასვენების, გართობისა და ახალ ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობის დროა.
გთავაზობთ ტოპ 5 თინეიჯერულ წიგნს, რომლითაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ და ზაფხულის დღეებს კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნებთ:
გეილ ფორმანი – „მხოლოდ ერთი დღე“
ამერიკელი მწერალი, გეილ ფორმანი, ძირითადად, ახალგაზრდებისთვის წერს.
მისი წიგნის „თუ დავრჩები“ მიხედვით, რომელსაც ქართულენოვანი მკითხველიც იცნობს, ჯეი კატლერმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ქლოუი გრეის მარეთსი და ჯეიმი ბლეკლი თამაშობენ.
ქართველი მკითხველი კარგად იცნობს ამ რომანის გაგრძელებასაც – „სად წავიდა“.
ახლახან კი ქართულ ენაზე ავტორის ახალი რომანი გამოიცა.
ელისონ ჰილის ცხოვრება მისსავე ჩემოდანს ჰგავს – მოწესრიგებულს, დალაგებულს და დაგეგმილს. შემდეგ კი, როდესაც უეცრად, სკოლის დამთავრების აღსანიშნავი სამკვირიანი ევროპული ტურის ბოლო დღეს, უილემს გაიცნობს – თავისუფალ სულსა და მოხეტიალე მსახიობს, ყველაფერი თავდაყირა დგება.
უილემი ელისონისგან სრულიად განსხვავდება. იგი გოგონას სთავაზობს ყველა საქმე გვერდზე გადადოს და მასთან ერთად პარიზში გაემგზავროს. ელისონიც თანხმდება.
ამ უჩვეულო გადაწყვეტილებას რისკიანი, რომანტიკული, თავისუფლებითა და ინტიმით დატვირთული დღე მოსდევს: 24 საათი, რომელიც ელისონის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის.
რეიჩელ ლიპინკოტი – „ორი ნაბიჯი შენამდე“
GoodReads Choice Awards 2019-ის გამარჯვებული წიგნი. ამავე წელს გამოვიდა ნაწარმოების მიხედვით გადაღებული მელოდრამაც.
ნაწარმოები სტელა გრანტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ყველაფრის კონტროლის დაუოკებელი სურვილითაა შეპყრობილი. ამჟამად, სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც, შეიძლება, მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას.
ერთადერთი რამ კი, რაც უილ ნიუმენს უნდა, საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ აღელვებს მკურნალობის კურსი და ახალი, საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს…
სარა ჯ. მაასი – „ეკლებისა და ვარდების სამეფო“
სარა ჯ. მაასის ტრილოგიის პირველი ნაწილი. ფენტეზისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებმა ეს წიგნი არ უნდა გამოტოვონ. წიგნის ორიგინალური ყდის შიგნით მკითხველს დაძაბული, რომანტიკული და დამაინტრიგებელი სამყარო ელის.
ოდესღაც დიდებული ოჯახი, გაღატაკების შემდეგ, ციხე-დარბაზიდან პატარა კოტეჯში გადასახლდება. სამი დიდან ყველაზე უმცროსი, ცხრამეტი წლის ფერა იძულებულია, შიმშილით რომ არ დაიხოცონ, ძალიან საშიშ ტყეში ინადიროს ხოლმე. ერთ დღეს, ფერა ტყეში მგელს მოკლავს. იმავე საღამოს, მას შინ მხეცისმაგვარი არსება შურისაძიებლად მიადგება. მომაკვდინებელი მაგიით მოცულ მხარეს ფერა მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებიდან იცნობს და მალე აღმოაჩენს, რომ მისი დამატყვევებელი ცხოველი კი არა, ტემლინია – საშიში, უკვდავი ფეა.
მარკუს ზუზაკი – „წიგნის ქურდი“
„წიგნის ქურდი“ ავსტრალიელი ავტორის, მარკუს ზუზაკის რომანია, რომელმაც გამოცემიდან ძალიან მალე მილიონობით მკითხველის გული დაიპყრო და მსოფლიო ბესტსელერად იქცა, 2013 წელს 20th Century Fox-მა მისი ეკრანიზაცია შემოგვთავაზა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა.
წიგნი ქართულ ენაზე 2015 წელს ქართველი თინეიჯერებისა და პროექტ „ლიბერთინსის“ ინიციატივით გამოიცა. მას შემდეგ გამოცემის ტირაჟი მკითხველთა მოთხოვნით რამდენჯერმე განახლდა.
ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. 1939 წელი, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს თვითონ იწყებს წერას.
რომანში ბევრი რამ ავტობიოგრაფიულია.
რუტა სეპეტისი – „რუხ ჩრდილებს შორის“
ამერიკელი მწერლის რუტა სეპეტისის წიგნის მთავარი გმირი ლიტველი გოგონაა. ლინა ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და…სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამიანების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში.