გელა ჩარკვიანის რომანის შუაგულში ლევან გურჩიანი დგას – ლონდონში, საბჭოთა საელჩოში კულტურის ატაშეს ვაჟი, შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებული, თბილისური ელიტის ნაწილი რომ ხდება. 80-იანი წლებიდან აქტიურად იწყება საბჭოთა სისტემის ტრანსფორმაცია, თუმცა ჯერ ვერავინ (მათ შორის ვერც ლევან გურჩიანი და მისი მეგობრები) წარმოიდგენს, რომ სამოცდაათწლიანი დიქტატურა კოლაფსით და საქართველოს გათავისუფლებით უნდა დამთავრდეს.
თითო-ოროლა გამოკვეთილი დისიდენტის გარდა, განსხვავებული აზრი უმეტესად სამზარეულოებსა და ოჯახურ წვეულებებში იკარგება, მაგრამ ლევან გურჩიანისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა უალტერნატივოა – თავის პროფესიულ საქმიანობაში, ყოფით ურთიერთობებსა და ოჯახშიც ამ გზის მიმდევარი და ერთგული რჩება და 90-იანების დასაწყისში უყოყმანოდ უშვებს თავის ერთადერთ ვაჟს აფხაზეთში საომრად.
პირად ცხოვრებასა და პროფესიულ წრეებში წარმატებულ კაცს არაერთი გაუმხელელი ტრავმა აწუხებს, მათ შორის ერთი – ყველაზე მძაფრი, სულის სიღრმეში დამარხული საიდუმლო…