ნინო ხარატიშვილი – მერვე სიცოცხლე (ბრილკას)

ნინო ხარატიშვილი – გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი – დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე.

2008 წელს, ჰამბურგში მისი პიესა, სახელწოდებით Z, ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მიწვეულ იქნა რამდენიმე ფესტივალზე. ასევე მიიღო თეატრალური პრემიები: როლფ-მარეს პრიზს აგონიის დადგმისათვის ჰამბურგის ლიხტჰოფის თეატრში და ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარ პრიზი პიესისათვის ლივ შტაინი. სწორედ მაშინ მიიქცია გამომცემლობა ფერლაგ დერ აუტორენის ყურადღება. ნინო ხარატიშვილის პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში.

2010 წელს ნინო ხარატიშვილი გახდა ადალბერტ ფონ შამისოს პრემიის ლაურეატი, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი ლიტერატორებს გადასცემს.

მერვე სიცოცხლე (ბრილკას) – „წიგნი, რომელიც ერთიანად გიპყრობს. 31 წლის ავტორის ხმა უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია დღევანდელ გერმანულ ლიტერატურაში: ნინო ხარატიშვილი ოსტატურად უკავშირებს ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელ ცხოვრებას მეოცე საუკუნის რეოლუციათა ისტორიას. საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ და ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი სამშობლოს მამაკაცთა საზოგადოებისაგან გათავისუფლდა. მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც რეალური ცხოვრება“.
ნორბერტ კრონი, „სათაურები, თეზისები, ტემპერამენტები“.

„ნინო ხარატიშვილმა ევროპის ისტორია ოჯახის ისტორიის სახით ხელახლა მოგვითხრო. წლის საუკეთესო გერმანული რომანი. ფენომენალურია!“
ფოლკერ ვაიდერმანი

საქართველო, 1900 წელი: შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება…

გერმანია 2006: ბერლინის კედლის დამხობისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოში არეულობაა. სტასიას უნიჭიერესი შვილთაშვილი ნიცა საცხოვრებლად ბერლინში გადადის. როდესაც ნიცას თორმეტი წლის დისშვილი ბრილკა დასავლეთში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე უარს აცხადებს, ნიცა მას მოძებნის. სწორედ ბრილკას უამბობს ჯაშების ოჯახის მთელ ისტორიას – უყვება რვა ცხოვრებისა და იმ წითელი საუკუნის შესახებ, რომელშიც ყველანი ისე არიან ჩაქსოვილნი, როგორც ძაფები ხალიჩაში.